Monday, June 17, 2013

კიდევ ერთი წვეთი ბაბუაწვერას ღვინო

  თუ თქვენ ოდესმე ჩახვალთ ბათუმში, აუცილებლად გაიარეთ მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე ჯადოსნურ წიგნების მაღაზიას წააწყდებით. 
პოსტის საუნდტრეკი



  არ ვიცი, როგორ ან რა სიტყვებით მოგიყვეთ, როგორ მიყვარს ბათუმი, როგორი ემოციებით ვივსები, როცა მატარებლიდან ფეხს ჩავდგამ და მაშინვე ვგრძნობ,  როგორ მომნატრებია ის მძიმე, ნესტიანი ჰაერი რომლის ჩასუნთქვასაც დიდი ძალისხმევა ჭირდება. ამ ქალაქში უბრალოდ ბედნიერი ვარ.

   ამ შაბათსაც ასე მოხდა - მატარებლიდან ჩავედი, მთელი ძალით ჩავისუნთქე ცხელი და ნესტიანი ჰაერი და მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი.

   ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს საყვარელ მეგობართან ერთად ყავის დასალევად მივეშურებოდი. როცა ყავის სმის შემდეგ ერთად ვეძებდით თმისსამაგრებს, შხაპის მიღების დროს თმის ასაწევად. როცა თამაშზე მისასწრებად გამწარებული დავრბოდით ქუჩებში აქეთ-იქით და უნივერსიტეტს ვეძებდით. ბედნიერი ვიყავი, როცა ძალიან კარგი წიგნები მაჩუქეს, და ბედნიერი ვიყავი მაშინ, დილის 4 საათზე ხინკლის საჭმელად რომ წავედით. იმდენი ბედნიერებები იყო, აღარ ვიცი, რომელი გავიხსენო, მაგრამ ერთ ბედნიერებაზე ცალკე უნდა მოგიყვეთ.



 შაბათს ის ჯადოსნური მაღაზია გაიხსნა, რომელიც დასაწყისში ვახსენე.

      მასპინძლები - ირაკლი და მარი არიან ის ადამიანები, რომლებიც პირველი მოგივა თავში, როცა მოგინდება გაიხსენო ვინმე კეთილი ადამიანი. არ ვიცი, საიდან აქვთ ის დადებითი აურა, რომელსაც უწყვეტად ასხივებენ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ აურის დამსახურება იყო ის მშვენიერი საღამო, სადაც უბრალოდ შეუძლებელი იყო, ბედნიერი არ ყოფილიყავი, როცა ამდენ კარგ წიგნს ხედავდი ერთად,  მასპინძლები ასე გულითადად გიღიმოდნენ და უყურებდი იქვე, ხალხში, ხელიდან ხელში როგორ  გადადიოდა მათი პატარა ლეა, თავისი კეთილი, მრგვალი თვალებით.



  მაღაზიაში თაროებთან რომ დავეხეტებოდი, ერთ-ერთ თაროზე ბაბუაწვერას ღვინოს გადავაწყდი, ერთ წამს დავიბენი და მერე სიხარულისგან ლამის ვიტირე, სასწრაფოდ ანას დავუძახე, ვინმეს რომ გაეზიარებინა კიდევ ეს სიხარული, თორემ ყელში გაჩხერილ ბურთს ვეღარ ვაკავებდი უკვე.



   ასე ჩავუმატე ჩემს ბაბუაწვერას ღვინოს კიდევ ერთი წვეთი და ვატარე თბილისამდე;  ორშაბათის ამ დაძაბულ დღეს, მთელი დღე ქარვისფრად მინათებდა გონებაში და დღის ბოლოს, სუნთქვისშეკვრამდე დაღლილობის მიუხედავად, მაინც შემეძლო, გამეღიმა.

  პ.ს  დასაწყისში არასწორად დავწერე, ოდესმე კი არა, აუცილებლად უნდა წახვიდეთ ბათუმში და აუცილებლად, აუცილებლად უნდა ნახოთ წიგნები ბათუმში

Sunday, May 5, 2013

Когда Твоя Девушка Больна

    როცა შენი გოგო ავადაა და შეპყრობილია მოგზაურობის სურვილით. მას პეპლები მუცელში კი არა, მხრებზე ჰყავს და სადაცაა, გაფრინდება.

როზმარის გზები უყვარს. გზა რაღაცის დასაწყისს ნიშნავს. ახლის და ჯერ შეუცნობელის დასაწყისს.



 როზმარი შენი გოგოა და მას მობეზრდა იქ ყოფნა, სადაც ამდენი ხანია, აღარაფერი მომხდარა. სადაც მზე ანათებს და ბალახი იზრდება, მაგრამ მას უკვე აღარ აინტერესებს ეს ადგილი, რადგან ავადაა.
 შენს გოგოს უნდა, რომ თავის დინ მორიარტი იპოვოს და გზას გაუდგეს.  სხვა ადგილებში გაზრდილი ბალახები ნახოს, სხვა მინდვრებში დააცხუნოს მზემ და სხვა ადგილებში მოშრიალე ფოთლებს მოუსმინოს.
 სხვა ზღვებში ლივლივი მოენატრა, სხვა ქუჩების ხმაურის მოსმენა უნდა.

     შენი გოგო ავადაა, მას აღარ ახარებს დილის ყავის გემო, არც აბაზანაში ჩაწოლილს მოსწონს თავის ტერფების ყურება,  აღარც თვალდახუჭული ცეკვა არის  მისთვის სასიამოვნო.

  როზმარის ენატრება სამხრეთ ამერიკაში გატარებული დრო, თავის ინდიელ ბიჭთან ერთად.  ბიჭთან, რომელსაც ეხლა ალბათ როზმარი მაგრად კიდია და აღარც ახსოვს. იმიტომ, რომ ის მერი ჯეინს აღმერთებს. როზმარი კი - მას.

 მზე ანათებს, ბალახი იზრდება. როზმარი კი ავადაა, მას გზები ენატრება.

 

Wednesday, April 10, 2013

დეიდა ხულიას ყვავილებიანი სუნამო

                                                                                One pill makes you larger
                                                                                And one pill makes you small.
                                                                                And the ones that mother gives you,
                                                                                Don't do anything at all.
                                                                                            And if you go chasing rabbits
                                                                                            And you know you're going to fall..
                                                                                           

 რა ჰქვია იმ გოგოს, რომელიც მთელს ფულს ძვირიან სუნამოში გადააყრის და თვის ბოლომდე მოუწევს კაპიკებზე იჯდეს?  ქერა? სასოწარკვეთილი? თუ სასოწარკვეთილი ქერა? :)

    ისე გამოვიდა, რომ სულ ვმუშაობ. აქ წარმოიდგინეთ, რომ სულ ვმუშაობ. ანუ სულ ვმუშაობ. ანუ, არასდროს ვისვენებ. ანუ, დღის ბოლოს მხოლოდ იმის დრო მაქვს, რომ შხაპი გადავივლო და დავიძინო.
  კვირის ბოლო, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს ჩემთვის, ამიტომ ფეისბუქზე სქროლვისას შეხვედრილი პარასკევი საღამოს სადიდებელი და ორშაბათი დილის მაგინებელი სტატუსები ჩემგან ძალიან შორს დგას და არანაირ შინაგან ძვრებს არ იწვევს. ნუ, ორშაბათი დილა მაინც განსაკუთრებულად მძიმეა და ყოველთვის შიშით და გაფართოებული თვალებით ველოდებით სამსახურში; იმიტომ, რომ ყოველ ორშაბათს გვეეჭვება, გადავრჩებით თუ არა. ყოველი გადატანილი ორშაბათი ერთი ბრძოლის მოგებას გავს, დღის ბოლოსაც თავს ნაომრად ვგრძნობ ხოლმე, გასავათებული რომ მივდივარ სახლში.

   რახან არც დრო მაქვს და არც ენერგია, სასურველი საქმეების კეთების შესაძლებლობა მინიმუმადე არის დაყვანილი. ამიტომ, ერთადერთი ხსნა არის ფულის ფლანგვაში. იმ ფულის, რომელიც ისედაც ძალიან ცოტაა და იდეაში განკუთვნილი უნდა იყოს სწავლისათვის და ოჯახის დახმარებისთვის. სინამდვილეში კი ის იხარჯება კოპლებიან ქვედაბოლოში, მაისურებსა და სუნამოში.
 ეს სუნამო ლამის სინდისის ხმად იქცა, იმდენად მაწუხებს. სინანულის გრძნობა ისეთი ძლიერია, რომ უკვე აღარ ვიცი, მომწონს თუ არა მისი სურნელი [რომელიც მე და ჩემმა თანამშრომელმა ასე აღვწერეთ, როცა შარშან პირველად შევიგრძენით: ახალნაწვიმზე, მზე რომ გამოანათებს, მინდორში დგახარ, ჭრელი კაბა გაცვია და ღრმად ისუნთქავ ბალახების სუნს, მოგვიანებით კი ყვავილების სურნელიც მოაქვს ქარს]. ძალიან ვცდილობ,  სინდისის ხმა ჩავახშო და ეს სურნელი ბუნებრივად ვატარო, მაგრამ არ გამომდის. ასე მგონია, ქუჩაში რომ მივდივარ, ეს ყვავილებიანი სუნი ხმამაღლა ყვირის - შეხედეთ, შეხედეთ ამ გოგოს, უპასუხისმგებლოდ რომ ხარჯავს ფულს. რომელსაც არ შეუძლია, რეალობას პირდაპირ შეხედოს თვალებში, და არ შეუძლია კურდღლის სოროში არ გაექცეს მას, ყვავილებიანი სუნამოთი ხელში არ დაჯდეს აცახაცახებული და იქიდან უყუროს ყველაფერს.

  ამასობაში ოთხშაბათი დადგა. სასთუმალთან მიდევს დეიდა ხულია, რომლის მიმართაც great expectations მაქვს, გუშინ ღამით დავიწყე კითხვა (მერე ღამით სიზმარში დეიდა ხულია ვნახე) და მხოლოდ 15 გვერდი წავიკითხე ჯერ. არადა მე ძალიან სწრაფად ვკითხულობ, მართლა ძალიან სწრაფად ვკითხულობ. არ გეგონოთ, რომ არ მომეწონა ან იმედები გამიცრუა. უბრალოდ, როგორც ვახსენე, სულ ვმუშაობ. ანუ ძალიან გამოფიტული და ადამიანობადაცლილი ვარ და ვერ მოვუყარე თავი საკუთარ ნაწილებს, ვერ შევაკოწიწე.  ვეღარც ფილმებს ვუყურებ, ვერც წიგნებს ვკითხულობ და მოკლედ, ლექსებს ვეღარ ვწერ : )



   აბებს შორის ის უნდა ავირჩიო, რომელიც დიდად მაქცევს. დიდი უნდა გავხდე, აუცილებლად. ორშაბათის ბრძოლების მოგებას, ჯობია სხვა ბრძოლები მოვიგო.



 

Sunday, March 24, 2013

როცა გარეთ ქარი ღმუის

   როცა გარეთ ქარი ღმუის, ძნელია საწოლში მყუდროდ მოკალათდე და უკვე დამდგარი შვებულების 1 კვირაზე იფიქრო. უფრო რთულია, გეგმები დააწყო, თუ რის მოსწრება გინდა ამ 1 კვირაში, როცა ათასი რამე გიტრიალებს თავში, აღარ იცი, ბათუმში წახვიდე, გუდაურში თუ სოფელში (მითუმეტეს ახლა, როცა ბათუმი ქარმა თუ ზღვამ წაიღო). როცა სტამბულში გამგზავრების ჩაშლილი გეგმა გაწევს გულზე, ვერ მოგიტოვებია უკან ეს დარდი და რაც უფრო უახლოვდები 30 მარტს, მით უფრო მეტად გტკივა გული რომ არქივის კონცერტს ვერ დაესწრები.

   ისღა დამრჩენია, საწოლში არც ისე კომფორტულად მჯდომმა, ეს სევდიანი სიმღერა ჩავრთო და უფრო შორეულ სტამბულზე ვიფიქრო, აგვისტოში რომ მელოდება. მანამდე კი, შვებულების ეს ნალოლიავები 7 დღე როგორმე გონივრულად უნდა გამოვიყენო, ოდნავ მაინც რომ მოვეგო გონს და ჩემი საბრალო, გაძვალტყავებული მე ჯურღმულიდან ამოვაძვრინო, და სამაგიეროდ იმ შეშლილ, ნევრასთენიკ გოგოს დავუხურო ლუქი, რომელიც ბოლო ხანებია მე წარმომადგენს და ხანდახან განსაკუთრებით მაშინებს; მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ სწორედ ესაა ნამდვილი ნატალია და არა ის, რომელსაც ბუნება და მოგზაურობა უყვარს.

  ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავთ თუ არა. ჩემთვისაც კარგად იქნება და თქვენთვისაც. უნდა ავდგე და ასე, ნერვიულად ვიმეორო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯობია პოზიტიური ფიქრებით დავიტვირთო თავი, თუნდაც უიმედოდ, იმიტომ რომ მჯერა, კარგი კარგს იზიდავს და ცუდი - ცუდს.

   არადა ძალიან მეშინია, ძალიან. გარეთ ქარი ღმუის, სახლში ყველანი არ ვართ, ვიღაც გარეთაა და მეშინია.
  მინდა ვიცოდე, რომ მამა ერთ ტელევიზორთანაა, დედა და ჩემი ძმა მეორე ტელევიზორში რამე ფილმს უყურებენ და თან ერთმანეთში ლაპარაკობენ, მე კი აქ ვიჯდე პატარა ოთახში, მარტო; მაშინ ეს სიმღერა სულაც არ მომეჩვენებოდა სევდიანად.
 მაგრამ სახლში სამნი ვართ, გარეთ ქარი მძვინვარებს და სიმღერა სევდიანად ჟღერს.

    გასამხნევებლად მინდა შევახსენო ჩემს თავს რომ გვერდით ოთახში ახალი, წითელი პომადა და მშვენიერი შავი კაბა მელოდება. ეს ქარიც მალე ჩადგება და ისევ 7ობა და მზიანი დღეები დადგება, მერე ისევ თამამად შემეძლება მოვიწერო, რომ მაგრად ვარ, დავრბივარ.

Saturday, March 16, 2013

Eleanor, put your boots on

  ახლა რომ მითხრან, სადაც გინდა, იქ შეგიძლია წახვიდეო, დაუფიქრებლად გავწევდი ალპებისკენ.

  არ ვიცი, ეს სიმღერა რამდენად მოუხდებოდა ჩემს მოგზაურობას, მაგრამ სათაური აქვს ისეთი, როგორიც შეეფერება ალპებისკენ მიმავალი გოგონას თავგადასავლებს.



  რაც მსოფლიოს მოსანახულებელ ადგილებზე დავიწყე პოსტების წერა, ძალიან ბევრი კარგი სურათი შევაგროვე საალპო ქვეყნების [ასე დავარქვი იმ ქვეყნებს, რომლებშიც ეს მთათა სისტემა ვრცელდება]. საუბედუროდ, ყველა ეს სურათი დავკარგე. პირობას ვაძლევ ჩემს თავს, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვიმარაგებ ფოტომასალას და ცალკე პოსტს დავწერ.

    თქვენც გირჩევთ, ერთხელაც ადექით, ჩაიცვით ბათინკები და გაეშურეთ სადმე. ეს ძალიან ადვილია, სხვათაშორის. საიდუმლოს გაგანდობთ და გეტყვით, რომ მთავარი იარაღი არის imagination.

   აი მაგალითად, ორიოდე დღის წინ მთვარეზე ვიყავი, ნილ არმსტრონგთან და ბაზ ალდრინთან ერთად. გაფრენა საკმაოდ შიშისმომგვრელი იყო - მანამდე ვნახე, როგორ წაეკიდა ცეცხლი რამდენიმე რაკეტას ცდების დროს, მაგრამ როგორც ბაზიც ყვება ხოლმე, უკვე გასაფრენად რომ შედიხარ კაბინაში და მარტო რჩები, ამაზე აღარ ფიქრობ. მთვარეზე რომ დავდგი ფეხი, თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი, როგორი შეგრძნებაა მთელს პლანეტაზე მარტო ყოფნა. შორს დედამიწა მოჩანდა, ძალიან პატარა და მშვიდი, თეთრ ღრუბლებში გახვეული. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ამ პატარა პლანეტაზე არაფერი ცუდი არ ხდებოდა და არც მოხდებოდა.

   სახლში რომ დავბრუნდი, საღამოს მაღაზიაში მივდიოდი, ცაში ახალ მთვარეს რომ ავხედე, გავიფიქრე - მე აქ ვიყავი.

  თუ თქვენც გინდათ იმოგზაუროთ მთვარეზე, უყურეთ ამ არაჩვეულებრივ დოკუმენტურ ფილმს - In the shadow of the moon.